English / ქართული / русский /
ნინო გომელაური
„სენდვიჩის სინდრომის“ გავრცელება და გავლენა საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში „სენდვიჩის სინდრომის“ გავრცელების და სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების ემპირიული შეფასება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2013-2019 წლებში ოჯახის პრობლემების საკითხებზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების მონაცემების გამოყენებით. ასევე მოცემულია "სენდვიჩის სინდრომის" გავლენის ანალიზი მოსახლეობის დასაქმებაზე, შემოსავალებსა და ჯანმრთელობაზე.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული დაბერება, „სენდვიჩის თაობა“, "სენდვიჩის სინდრომი". 

შესავალი

თაობა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორიაა და სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. აკადემიკოსი პ. გუგუშვილი სამი თაობის საზღვრებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული აქტივობის ნიშნით შემდეგნაირად გამოყოფდა: ახალგაზრდობა, მოწიფულთა თაობა, ჭარმაგთა თაობა. შემდეგ მოდის მხცოვანთა თაობა [სულაბერიძე ა. 2017:8]. თანამედროვე დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობის გამო საშუალო თაობა (40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები) განიცდის დიდ სოციალურ დატვირთვას. ისეთი ტენდენციები, როგორიცაა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, შობადობის დაბალი მაჩვენებელი, ქორწინებისა და შობადობის გადავადება, მშობლების ოჯახიდან შვილების გვიან გამოყოფა იწვევს იმ ფაქტს, რომ საშუალო ასაკის ადამიანები ხშირად განიცდიან ორმაგ დატვირთვას, ერთდროულად ზრუნავენ თავიანთ შვილებსა და მშობლებზე. სოციოლოგიურ ლიტერატურაში ამ ფენომენს "სენდვიჩის სინდრომს" უწოდებენ – ადამიანები ორივე მხრიდან განიცდიან მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ზეწოლას. ტერმინი „სენდვიჩის თაობა“ (sandwich generation) პირველად გამოიყენა ბრიტანელმა სოციალურმა მუშაკმა დოროთი მილერმა 1981 წელს. დღეისათვის კი ეს ტერმინი გამოიყენება უმეტეს თანამედროვე ქვეყნებში: მსოფლიოში ყველგან, საშუალო ასაკის თაობას ევალება მატერიალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ბავშვებისა და მშობლებისთვის. ამ სინდრომის მიზეზი გლობალური დემოგრაფიული ცვლილებებია. ერთი მხრივ, მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 70 წლის ზღვარი გადალახა,  მეორე მხრივ, ცვლილებები მოხდა ბავშვთა  შობაში.

"სენდვიჩის სინდრომის" გავრცელება, მისი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები და მისი გავლენა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე ფართოდ არის შესწავლილი უცხოურ სოციოლოგიურ და ეკონომიკურ კვლევებში. გაზრდილი სოციალური დატვირთვა მნიშვნელოვნად აისახება მოსახლეობის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. კერძოდ, ადამიანები, რომლებიც განიცდიან "სენდვიჩის სინდრომს", უფრო დაუცველები არიან შრომის ბაზარზე [Lilly M., Laporte A., Coyte P. 2007: 641-690], აქვთ დაბალი შემოსავლები [Casado-Marín D., García-Gómez, López-Nicolás P. 2011: 1-29], ისინი უფრო ხშირად განიცდიან  ფიზიკური, გონებრივი და ემოციური მდგომარეობის გაუარესებას [Voydanoff P., Donnelly B.1999:725-738] და  ნაკლებად იყენებენ თვითმოვლითი ქცევის პრაქტიკას [Chassin L., Macy J., Seo D., Presson C., Sherman S.2010: 38-46].

Pew Research Center-ის 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორმოციდან  ორმოცდაათ წლამდე ქალებისა და მამაკაცების თითქმის ნახევარი (47%) ზრდის ბავშვს ან ფინანსურად ეხმარება ზრდასრულ შვილებს, მათი მშობლები კი 65-ზე მეტი წლის ასაკში არიან. ყოველი მეშვიდე (15%) საშუალო ასაკის ზრდასრული ადამიანი ფინანსურად ეხმარება მშობლებსაც და შვილებსაც [https://www.pewresearch.org/publications/]. „სენდვიჩის თაობას“ ვუწოდებდით ადამიანებს, რომლებიც ერთდროულად ზრუნავდნენ ავადმყოფ მშობლებზე და მცირეწლოვან ბავშვებზე − ამბობს ენდრიუ ჩერლინი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სოციოლოგი − ამჟამინდელი საშუალო თაობა სულ უფრო მეტად ეხმარება ახალგაზრდებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. ამავდროულად, მათ ჰყავთ მოხუცი მშობლები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ მხარდაჭერა“. „სენდვიჩის თაობის“ სირთულეების დიდი ნაწილი ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით არის განპირობებული, მაგალითად, საუნივერსიტეტო განათლების მაღალი ღირებულება. ბინათმშენებლობის სიძვირე აიძულებს ოჯახის ზრდასრულ წევრებს გაიზიარონ საცხოვრებელი სივრცე. ასევე არის სიტუაცია, როდესაც მშობლები ეხმარებიან ზრდასრულ შვილებს შვილიშვილების მოვლაში, რადგან მათ არ შეუძლიათ ძიძის აყვანა ან კერძო საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა.

"სენდვიჩის სინდრომის" განსაზღვრა. არსებული მონაცემების საფუძველზე, ნაშრომში გამოყენებულ იქნა "სენდვიჩის სინდრომის" შემდეგი ინდიკატორი – ადამიანი აღიარებს, რომ განიცდის "სენდვიჩის სინდრომს" იმ შემთხვევაში, თუ მისი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს როგორც ბავშვთა, ასევე მოხუცთა მოვლას.

საქართველოში, ტრადიციულად, მოვლის საჭიროების მქონე ნათესავებზე ზრუნვის ტვირთი ოჯახის წევრებს ეკისრებათ. ამგვარი მდგომარეობა ქვეყანაში განპირობებულია როგორც ოჯახის ტრადიციული ღირებულებებით და დამოკიდებულებით, ასევე ეფექტური და გრძელვადიანი მოვლის (ზრუნვის) სისტემის არარსებობით. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში "სენდვიჩის სინდრომს" მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს, თუმცა ქართულ სამეცნიერო გამოკვლევებში მცირეა  იმ ადამიანების პრობლემების მიმართ ინტერესი და არ არის შესწავლილი ”სენდვიჩის სინდრომის” შედეგები მოსახლეობის დასაქმებასა და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე. პირობებს, რომელშიც აღმოჩნდა ქართული „სენდვიჩის“ თაობა, ამძიმებს თაობებს შორის მსოფლმხედველობის დიდი სხვაობა. ერთ ოჯახში ცხოვრობენ და ურთიერთობენ საბჭოთა სტანდარტებით აღზრდილი მოხუცი მშობლები, პერესტროიკის და 90-იანი წლების კატაკლიზმებში გამოვლილი საშუალო თაობა და ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ახალი გზით აშენებენ გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის ეპოქაში.

კვლევის შედეგები. ქართული ოჯახების ძირითადი დამახასიათებელი თავისებურებებია: ოჯახი, როგორც წესი, არის არა ნუკლეარული, არამედ სამთაობიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის არის „სენდვიჩების თაობაც“. ოჯახის წევრების ერთმანეთისაგან მატერიალური და მორალური დამოკიდებულების ხარისხი ძალიან მაღალია;  ახალგაზრდა თაობა საკმაოდ მყარად არის მიბმული წინა თაობასთან; ასევე ძალიან მყარია ნათესაური კავშირები; ოჯახური სისტემის საზღვრები და პიროვნული საზღვრები ოჯახური სისტემის შიგნით არ არის მკაფიოდ მოხაზული, ასევე მკვეთრად  არ არის გამიჯნული ოჯახური როლები და ფუნქციები; შესაბამისად ოჯახის წევრებს ერთდროულად სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული სოციალური როლების შესრულება უხდებათ.

ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის დაბერების ტენდენცია მიმდინარეობს. პროგნოზის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობაში 65 და უფროსი ასაკის პირთა წილი 2050 წლისთვის 25 პროცენტამდე გაიზრდება. თუ წინა საუკუნეში დემიგრაფიული დაბერების ზრდას ძირითადად ორი ფაქტორი − შობადობის შემცირება (დაბერება ქვემოდან) და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა (დაბერება ზემოდან) განსაზღვრავდა, ბოლო წლებში ამ პროცესში მიგრაციაც ჩაერთო. ახალგაზრდების მიგრაციის გავლენით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება სულ უფრო მზარდი ტემპით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობისა და სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით პრობლემების მთელ რიგს წარმოშობს. ასაკის მატების თანმდევი, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ხანდაზმული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი გამოწვევის წინაშე დგებიან. საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი შეადგენს (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63.7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5%-ს. მედიანური  ასაკი  38  წელია. 

ცხრილი 1

65 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეთა  წილი

საქართველოს მთელ მოსახლეობაში, 1995-2022 წწ.

წელი

ორივე სქესი

მამაკაცი

ქალი

1995

10.9

8.4

13.1

2000

12.7

10.4

14.9

2005

14.4

11.9

16.7

2010

14.2

11.4

16.8

2015

14.3

11.3

17.0

2020

15.1

11.8

18.2

2021

15.2

11.9

18.4

2022

15.5

12.1

18.6

წყარო:  საქსტატი https://www.geostat.ge/ 

აღსანიშნავია, რომ დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტი 21-ე საუკუნის დასაწყისში კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა, 2015 წლიდან კი კვლავ იზრდება. 

ცხრილი  2

დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტი, 1989-2022 წწ.

წელი

ახალგაზრდა ასაკის დატვირთვის კოეფიციენტი

მოხუცებული ასაკის დატვირთვის კოეფიციენტი

სულ დატვირთვის კოეფიციენტი

1989

37.4

13.3

50,7

1995

34.7

15.8

50.7

2000

31.7

19.2

51.0

2005

28.9

21.7

50.6

2010

26.6

21.0

47.6

2015

28.3

21.4

49.6

2022

32.6

24.3

56.9

წყარო:  საქსტატი  https://www.geostat.ge/ 

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2013–2019 წწ. ჩატარებული კვლევების მიხედვით ახალგაზრდების 70% ცხოვრობს მშობლებთან  ერთად, ხოლო 62%-ს მშობლები ფინანსურად ეხმარებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ნდობის ყველაზე მაღალ დონეს გამოხატავს თავიანთი ოჯახების მიმართ და ასევე ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ოჯახურ ცხოვრებას. ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. პირადი შემოსავალი უფრო ხელმისაწვდომია თბილისში, სადაც რესპოდენტების 35% აცხადებს, რომ აქვს პირადი შემოსავალი. სხვა ქალაქებში პირადი შემოსავალი აქვს ახალგაზრდების 27%-ს, ხოლო სოფლად – ყოველ მეხუთე ახალგაზრდას. ასაკის ზრდის პარალელურად, იკლებს მშობლებზე ფინანსური დამოკიდებულების მაჩვენებელიც (14–18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში რესპონდენტების 96% ფინანსურად დამოკიდებულია მშობლებზე; 19–24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 64%, ხოლო 25–29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 35%). ახალგაზრდების 70% ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, როგორც მოსალოდნელი იყო, იკლებს ასაკის ზრდასთან ერთად. 14–18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ახალგაზრდების 90% ცხოვრობს მშობლებთან ერთად. საშუალო ასაკობრივ  კატეგორიაში (19–24 წელი) ეს მაჩვენებელი 67%-ია, ხოლო 25–29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპოდენტების  მხოლოდ  52%  ცხოვრობს  მშობლებთან  ერთად.

"სენდვიჩის სინდრომის" გავრცელება ქალებში თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში (შესაბამისად 2.8%  და 1.2%). საქართველოში "სენდვიჩის თაობის" სიმპტომს აქვს მკვეთრად გამოხატული გენდერული ხასიათი. ყველაზე ხშირად ხანდაზმულ ნათესავებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ქალს ეკისრება, რადგან ტრადიციულ საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ ეს მისი მოვალეობა და ვალია. როდესაც დგება საკითხი, ვინ უნდა იზრუნოს შვილებზე და ავადმყოფ ნათესავებზე, ოჯახები ხშირად არჩევენ არ შეიზღუდოს მამაკაცის კარიერა, ამიტომ ეს პასუხისმგებლობა უფრო  ხშირად ეკისრებათ ქალებს. ამიტომ ქართველი ქალები, რომლებიც ზრუნვენ და უვლიან შვილიშვილებს, ხანდაზმულ ნათესავებსა და აგრძელებენ მუშაობასაც, იშვიათად უჩივიან სტრესს ან რაიმე სირთულეს. ამავდროულად, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევები აჩვენებს, რომ „სენდვიჩის თაობის“ ქალები უფრო მეტ სტრესს განიცდიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა სოციალური ჯგუფი. სავარაუდოდ, 30-39 და 40-49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან „სენდვიჩის სინდრომს“ სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. კვლევამ ვერ გამოავლინა "სენდვიჩის სინდრომის" გავრცელების მნიშვნელოვანი ცვლილებები ინდივიდების განათლების დონის მიხედვით. "სენდვიჩის თაობა" უფრო მეტია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში,  ვიდრე  ქალაქში    (შესაბამისად 3.2% და 1.9%).

კვლევამ უჩვენა, რომ დასაქმების მაჩვენებელი იმ ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც განიცდიან "სენდვიჩოს სინდრომს" (67.0%), მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე იმ ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც არ განიცდიან "სენდვიჩის სინდრომს" (73.7%).

კვლევისას ასევე გამოვლინდა, რომ "სენდვიჩის თაობის“ მატერიალური მდგომარეობა უფრო ცუდია, ვიდრე მათი, ვინც ამ სინდრომში   არ შედის. კერძოდ, ამ ტიპის მოსახლეობის აბსოლუტური შემოსავალი სიღარიბის დონის შეფასებისას შეადგენს 19.6%-ს, ხოლო იმ ადამიანთა სიღარიბის დონე, რომლებიც არ უწევენ არაფორმალურ მოვლას ორივე თაობას – 16.9%-ს.

ცხრილი 3

„სენდვიჩის სინდრომის“ გავლენა საქართველოს მოსახლეობის დასაქმებაზე, შემოსავალსა და ჯანმრთელობაზე

მაჩვენებლები

ადამიანები, რომლებიც განიცდიან „სენდვიჩის სინდრომს“

ადამიანები, რომლებიც არ განიცდიან „სენდვიჩის სინდრომს“

დასაქმებულთა წილი

0.670

0.737

ღარიბთა წილი

0.196

0.169

ადამიანების წილი, რომლებიც აფასებენ თავიანთ ჯანმრთელობას, როგორც კარგს  ან  ძალიან კარგს

0.424

0.495

ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების წილი

0.285

0.208

იმ ადამიანების წილი, რომლებიც მუდმივად განიცდიან  დროის ნაკლებობას

0.510

0.283

„სენდვიჩის სინდრომი“ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. „სენდვიჩის სინდრომის“ მქონე ადამიანების 42.4% საკუთარ ჯანმრთელობას აფასებს, როგორც კარგს ან ძალიან კარგს,  ხოლო იგივე მაჩვენებელი ადამიანებისთვის, რომლებიც არ განიცდიან  „სენდვიჩის სინდრომს“, უფრო მაღალია − 49.5%. „სენდვიჩის თაობაში“ ასევე აღინიშნება ქრონიკული დაავადებების სიხშირე, შესაბამისად – 28.5% და 20.4%. მუდმივმა სიჩქარემ, დასვენების ნაკლებობამ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროის ნაკლებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კვლევამ აჩვენა, რომ "სენდვიჩის თაობის" ნახევარზე მეტი (51%) უჩივის დროის მუდმივ ნაკლებობას. იმ ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ „სენდვიჩის სინდრომი“, იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 28.3%-ია.

ბოლო წლებში საუბრობენ, რომ „სენდვიჩების თაობის“ გარდა, გაჩნდა „კლუბური სენდვიჩების თაობაც“  (club sandwich generation). ქალები და მამაკაცები ეხმარებიან არა მხოლოდ მშობლებსა და ზრდასრულ შვილებს, არამედ ზრუნავენ შვილიშვილებზეც, ანუ ისინი დაკავებულნი არიან სამი თაობის მოვლით. არსებობს განსხვავებაც – მოხუცებზე ზრუნვა სიბერის, ცხოვრების ბოლო ეტაპის თანმხლებია, ხოლო შვილიშვილებზე ზრუნვა ბევრად უფრო სასიამოვნოა იმ გაგებით, რომ  არა მხოლოდ გასცემენ ენერგიას, ასევე იღებენ სითბოს და სიყვარულს. შვილიშვილებზე ზრუნვა შეიძლება იყოს რთული, მაგრამ ბევრად უფრო პოზიტიური და არ განიხილება, როგორც შეუქცევადი ვალი. ცხრილი 4 წარმოაჩენს შვილიშვილებისა და ბებია-პაპის ურთიერთდახმარების ხასიათსა და ინტენსივობას საქართველოში.

2016 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ, მიუხედავად მთელი რიგი სირთულეებისა, მათ შორის ეკონომიკური ხასიათისა, საქართველოში თაობათა შორისი კავშირი გამოიხატება ორმხრივი მხარდაჭერით. არ შემოიფარგლება მხოლოდ მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებით (ბუნებრივია მშობლებსა და შვილებს შორის ეკონომიკური კავშირები და დახმარებების მასშტაბი და ინტენსივობა უფრო მაღალია), საკმაოდ მყარია კავშირი ბებია-პაპასა და შვილიშვილებს შორის  [არჩვაძე ი. 2017:58]. 

ცხრილი 4

შვილიშვილებისა და ბებია-პაპის ურთიერთდახმარების ხასიათი (%)

 

შვილიშვილები − ბებია-პაპას

ბებია-პაპა − შვილიშვილებს

არავითარი

32.7

28.4

ფინანსური

5.6

30.2

მატერიალური

7.9

12.9

ფიზიკური

23.5

6.1

მორალური

30.2

22.3

დახმარების საშუალო თვიური სიდიდე, ლარი

 

57.4

 

71.4

2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ხანდაზმულთა ძირითად ფუნქციად მიჩნეულ იქნა შვილიშვილების აღზრდა, ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება და საოჯახო საქმეებში დამხმარედ ყოფნა [შელია მ., 2014:39-51]. საინტერესო იყო, რომ შვილიშვილთა მხოლოდ 13% ეხმარება ფინანსურად და მატერიალურად ბებია-პაპას და დახმარება უმეტესწილად მორალური და ფიზიკური ფორმით ხდება (54%) [შელია მ. 2020: 181-189].

ცხრილი 5

თაობათა შორის დახმარების ინტენსივობა და საშუალო თვიური ღირებულება (%)

 

უმცროსი თაობა - უფროსს

უფროსი თაობა - უმცროსს

შვილები -მშობლებს

შვილიშვილები - ბებია-პაპას

მშობლები  - შვილებს

ბებია-პაპა - შვილიშვილებს

არავითარი

32.2

32.7

14.9

28.4

ფინანსური

10.6

5.6

33.9

30.2

მატერიალური

10.0

7.9

21.7

12.9

ფიზიკური

13.3

23.5

3.3

6.1

მორალური

31.3

30.2

21.9

22.3

ყველანაირი

2.6

0.1

4.3

0.1

დახმარების საშუალო თვიური სიდიდე, ლარი

 

110.9

 

57.4

 

57.4

 

71.4

საქართველოში უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათმა ახლობლებმა უნდა იზრუნონ მოხუცებზე. 2016 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, ხანდაზმულებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის მხოლოდ სახელმწიფოზე დაკისრებას სამართლიანად მიიჩნევს მოსახლეობის 1.7%. უმრავლესობა თვლის, რომ ეს შვილებისა და შვილიშვილების (35.4%) ან თანაბრად სახელმწიფოს,  შვილებისა და შვილიშვილების (63.0%) მოვალეობაა. დასავლეთში ეს მოვალეობა სახელმწიფოს ეკისრება, ამიტომ იქ შესაბამისი სოციალური ინსტიტუტებია ჩამოყალიბებული. დასავლური საპენსიო დაზღვევის სისტემა ითვალისწინებს, რომ რაღაც მომენტში ხანდაზმულს დასჭირდება ფული მასზე ზრუნვის ორგანიზებისთვის. მას შეუძლია თავად აიყვანოს დამხმარეები, შვილები კი სურვილისამებრ ეხმარებიან. სოციალური მუშაკების ვიზიტები დიდი მხარდაჭერაა მარტოხელა მოხუცებისთვის, მაგრამ თუ მოხუცს ჰყავს ნათესავები, მან უნდა დაწეროს განცხადება, რომ მასზე ახალგაზრდები არ ზრუნავენ და სჭირდებათ დახმარების მიღება. არაერთი ხანდაზმული ადამიანისთვის ეს ფსიქოლოგიურად რთული გადაწყვეტილებაა. არის  საზოგადოებები, სადაც ხანდაზმულთა მოვლის რეჟიმები თანამედროვეა  და ინსტიტუციური ზრუნვის ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. ეს არა მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებშია, არამედ ხმელთაშუა ზღვის რეგიონშიც (იტალია, ესპანეთი). იტალიასა და ესპანეთში მოქმედებს მოხუცებზე ზრუნვის იმგავრი კულტურული მოდელი, რომელიც დაახლოებით ჩვენი მსგავსია:  მოხუცები ცხოვრობენ ოჯახში ან საკუთარ სახლში, ამავდროულად, სახელმწიფო სერიოზულ სუბსიდირებას უწევს ოჯახებს და თავად მოხუცებს, რათა მათ აიყვანონ მომვლელი. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაინც მიმდინარეობს ცვლილებები: ხდება მოვლის ნაწილის დელეგირება დამხმარეებზე, ექთნებზე, ძიძებზე, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც არ არის გავრცელებული ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შედარებით ძვირია: ყველა ოჯახს არა აქვს   ამის საშუალება; მეორეც იმიტომ, რომ იგი მორალიზებულია „ოჯახის ვალდებულებით“; მესამე, არის უნდობლობა ამ ინსტიტუტების მიმართ. საქართველოში მოხუცთა კერძო პანსიონატები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების გარდა, მომსახურების  ფასიან სერვისსაც სთავაზობენ ხანდაზმულთა ოჯახის წევრებს. ფასიან პანსიონატებში ხანდაზმულის ერთთვიანი ცხოვრება საშუალოდ 500-700 ლარამდე მერყეობს (ფასს მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაზღვრავს) ყოველთვიურ გადასახადში სამჯერადი კვება, ხანდაზმულის მოვლა და პირველადი სამედიცინო მომსახურება შედის. ხანდაზმულის ჰიგიენური მოვლის ნივთებსა  და მედიკამენტებს  ოჯახის წევრები ყიდულობენ. მიუხედავად ე.წ. „მოხუცთა თავშესაფრების“ არაპოპულარულობისა, თბილისის ხანდაზმულთა სახლში ადგილები მთლიანად შევსებულია და მიღება შეჩერებულია. ადგილების სიმცირის გამო ბენეფიციარების მიღება პრობლემურია ფასიან დაწესებულებებშიც.                                                                      

დასკვნა

"სენდვიჩის სინდრომი" გარკვეულ გავლენას ახენს საქართველოს მოსახლეობის დასაქმებაზე, მატერიალურ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. დღეისათვის, ადამიანები, რომლებიც განიცდიან „სენდვიჩის სინდრომს“და საჭიროებენ მხარდაჭერას, სოციალური პოლიტიკის ყურადღების მიღმა არიან. „სენდვიჩის სინდრომის“ მქონე ადამიანების მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს სხვადასხვა ღონისძიებებით, რომლებიც მიზნად ისახავს მშობლობისა და დასაქმების შეთავსებას, ხანდაზმული ნათესავების ზრუნვაზე ტვირთს შემსუბუქებას (ფორმალური მოვლის სერვისების ტიპებისა და მეთოდების გაფართოება უფასოდ ან ხელმისაწვდომ ფასად, მზრუნველთა მატერიალური მხარდაჭერა და ა.შ.). 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. არჩვაძე ი., თაობათაშორის ურთიერთობები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის შემოსავლების ფაქტორი (საქართველოს კონტექსტი). (2017). დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. გვ. 52-61.
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2013-2019  წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები.
  3. კალჰუნი გ., ლაითი დ., კელერი ს. (2007). სოციოლოგია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ. 367-368.
  4. სულაბერიძე ა. (2017). ახალგაზრდა თაობის ასაკის გააზრებისთვის. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. გვ. 7-11.
  5. შელია მ. (2014). უფროსი თაობისადმი დამოკიდებულება ოჯახში. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. გვ. 38-54.
  6. შელია მ. (2020). მოსახლეობის დაბერების აჩქარება საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდში.  დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. გვ. 180-200.
  7. Agree E., Bissett B., Rendall M. S. (2003). Simultaneous care for parents and care for children among mid-life British women and men // POPULATION TRENDS-LONDON. P. 29-35.
  8. Casado-Marín D., García-Gómez P., López-Nicolás(2011). Á. Informal care and labour force participation among middle-aged women in Spain // SERIEs. Vol. 2. – №. 1. – P. 1-29
  9. Chassin L., Macy J., Seo D., Presson C., Sherman S. (2010). The association between membership in the sandwich generation and health behaviors: A longitudinal study//Journal of Applied Developmental Psychology. Vol. 31. – №. 1. P. 38-46
  10. Ciani E. (2012). Informal adult care and caregivers' employment in Europe//Labour Economics.Vol. 19. – №. 2. P. 155-164.
  11. Crespo L., Mira P. (2014). Caregiving to elderly parents and employment status of European mature women // Review of Economics and Statistics. Vol. 96. №. 4. P. 693-709.
  12. Dunham C. C., Dietz B. E. (2003). «If I'm not allowed to put my family first»: Challenges experienced by women who are caregiving for family members with dementia // Journal of women & aging. Vol. 15. №. 1. P. 55-69.
  13. DePasquale N., Chandler K., Zarit S., Moen Ph., Hammer L., Almeida D. (2016). Combining formal and informal caregiving roles: The psychosocial implications of double-and triple-duty care//Journals of Gerontology Series B: Psychological Sciences and Social Sciences. Vol. 71. №. 2. P. 201-211.
  14. Fast, J., Keating, N., Yacyshyn, A. (2008). «I Wish that I Could Just Have a Break»: The Cost of Supporting Adults with Disabilities. University of Alberta, Research on Aging, Policies and Practice, Edmonton, AB.
  15. Hammer L. B., Neal M. B. (2008). Working sandwiched-generation caregivers: Prevalence, characteristics, and outcomes//The Psychologist-Manager Journal. Vol. 11. №. 1. P. 93-112.
  16. Heger D. (2014). Work and well-being of informal caregivers in Europe//Ruhr Economic Paper. №. 512.
  17. Lilly M. B., Laporte A., Coyte P. C. (2007). Labor market work and home care's unpaid caregivers: a systematic review of labor force participation rates, predictors of labor market withdrawal, and hours of work//The Milbank Quarterly. Vol. 85. №. 4. P. 641-690.
  18. Pierret C. R. (2006). The sandwich generation: Women caring for parents and children//Monthly Lab. Rev. Vol. 129. P. 3-9.
  19. Ruppanner L., Bostean G. (2014). Who cares? Caregiver well-being in Europe//European Sociological Review. Vol. 30. №. 5. P. 655-669.
  20. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/316/mosakhleoba-da-demografia
  21. https://www.pewresearch.org/publications/